რუსული ოკუპაცია

დეგნანი გახელაძეზე: ბრალდებები უსაფუძვლო და შეთითხნილია, ვგმობთ მიღებულ ზომას

"ბრალდებები უსაფუძვლო და შეთითხნილია, ვგმობთ მიღებულ ზომას". - აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯას ეხმაურება. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   

"აშშ გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი, გასული წლის ივლისიდან მოყოლებული, იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. 

გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი". - ამბობს კელი დეგნანი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძესთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

გუშინ, 5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

კომენტარები