რუსული ოკუპაცია

გაფრინდაშვილი გახელაძეზე: 5 თვე სიწყნარე არ უნდა ყოფილიყო, სახელმწიფოს ხელი უნდა შეეწყო

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება. გაფრინდაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციას დაესწრო.

"ჩემი აზრით, ეს ხუთი თვე ასეთი სიწყნარე არ უნდა ყოფილიყო. როგორი აღშფოთებაც დღეს არის მოსახლეობაში, ამ აღშფოთებისთვის უნდა შეეწყო სახელმწიფოს ხელი, დაენახვებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ საზოგადოების მოთხოვნაა, ნებისმიერი მოქალაქე იყოს სახელმწიფოს დაცვის ქვეშ - ვინც არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს გარჩევა, ცნობადი პიროვნებაა, პოლიტიკოსია, ექიმია თუ მღვდელი". - ამბობს გაფრინდაშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.  

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძესთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.

კომენტარები