ნარკოდანაშაული

შსს: ირანის მოქალაქეს ნარკოტიკი მარილის ტომრებით შემოჰქონდა, ამოვიღეთ 1 171 აბი მეტადონი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ნარკოდანაშაულის გამო ირანის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.დ. ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან 195 აბი ნარკოტიკული საშუალება მეტადონის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.დ. გეგმავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონის საქართველოში შემოტანას. 

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა დანაშაულის სისრულეში მოყვანის სავარაუდო მარშუტი. თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომანქანის ჩხრეკისას, მ.დ.-ს კუთვნილი ტვირთის- მარილის ტომრების შემოწმებისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1171 აბი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს". - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიდინარეობს.

უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები