კორონავირუსი საქართველოში

8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება, შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება

თბილისის მერია

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აღადგენს.  

მისივე თქმით, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

"ჩვენ სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი, თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. დღეს ინფიცირების ყოველდღიური და დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შესაძლებლობა. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რაც უფრო ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ. არაგონივრული, არაფრთხილი შეზღუდვების მოხსნა, გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების.

[...] 8 თებერვლიდან სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური პტანსპორტი ამოქმედდება თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც". - ამბობს გახარია. 


4 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.51%-ია, ბოლო 14 დღის - 4.41%. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 260 480 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ადამიანი 251 748 გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები