კომუნა მზესუმზირა

მზესუმზირა: გადასახადების გადავადებაზე უარი გვითხრეს, 17 000 ლარი დონაციებიდან ჩამოგვაჭრეს

კომუნა მზესუმზირამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ მათ გადასახადების გადავადებაზე უარი უთხრა და 17 000 ლარი დონაციებით შესული თანხიდან ჩამოაჭრა.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მზესუმზირა გადასახადების გაუქმებას არ ითხოვდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ თანხა მაინც ჩამოაჭრეს და ახლა კვლავ შემოწირულობების იმედად არიან.

"როგორც იცით, ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდანაა შეჩერებული და ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ორი ივენთის ჩატარება შევძელით ეზოს ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი დაგვეძლია ის სირთულეები, რომლებიც შეჩერებული საქმიანობის გამო გვედგა.

საბედნიეროდ, ზუსტად იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, თქვენი დახმარებით შევძელით საჭირო რესურსების 30 %-ის მობილიზება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ესეც არ იყო ამბის ბედნიერი გაგრძელება: ისევე როგორც ყველა სხვა საქმიანობას, ჩვენც ამ პერიოდის (მარტი - დეკემბერი) განმავლობაში დაგვიგროვდა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი გადასახადები. კერძოდ, 17 000 ლარი.

რა თქმა უნდა, იმ მდგომარეობაში რომელშიც ვიმყოფებოდით, შეუძლებელი იყო ამ თანხის გადახდა, რაზეც მივმართეთ სახელმწიფოს შუამდგომლობით, რადგან გადაევადებინათ თანხა შემდეგ პერიოდზე, როგორც ეს გაზაფხულზე მოხდა. სამწუხაროდ, სახელმწიფომ გვითხრა უარი და არსებული დავალიანება (17 000 ლარი) პირდაპირ მოაჭრა დონაციებიდან შემოსულ თანხას, რითიც ჩვენთვის საჭირო რესურსების რაოდენობა 5 %-მდე დაიყვანა". – წერია განცხადებაში.

კომუნა მზესუმზირამ დონაციების შეგროვება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, რადგან ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მათ საქმიანობა აკრძალული აქვთ.
 

კომენტარები