თბილისის მერია

კალაძე: თუ მძღოლები მანქანებს ველობილიკებსა და ავტობუსის ზოლებში გააჩერებენ, დაჯარიმდებიან

კახა კალაძე
თბილისის მერია

"მძღოლები, რომლებიც ავტომობილებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ, დაჯარიმდებიან". – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით.

"როგორც იცით, ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე, გავაფრთხილეთ თბილისის პარკინგის თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში მძღოლების დაჯარიმებისგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა იყოს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია". – ამბობს კალაძე. 

კახა კალაძემ ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, აღნიშნულ საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს.

"მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, ძალიან ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, ვერ დავუშვებთ ქაოსს და განუკითხაობას ქალაქში, რადგან ეს სერიოზულ დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს მოქალაქეებში". – ამბობს კახა კალაძე. 

კომენტარები