აშშ-უკრაინა

ბლინკენი უკრაინას აშშ-ს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის დროს უკრაინას აშშ-ს ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა

პირველ თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან, სატელეფონო საუბარში ბლინკენმა "ხაზი გაუსვა ძლიერ, ორპარტიულ მხარდაჭერას უკრაინისთვის და პრიორიტეტს, რომელსაც აშშ ანიჭებს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწარაფებებს".

"ბლინკენმა პირობა დადო, რომ აშშ გააგრძელებს მტკიცე ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის". – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრეს უკრაინის განგრძობად ძალისხმევაზე COVID-19-თან საბრძოლველად და აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმში რუსეთის აგრესიაზე დიპლომატიური გზით გადაჭრის მისაღწევად.

ენტონი ბლინკენმა უკრაინას მოუწოდა, რომ შეინარჩუნოს ის პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში. 

სენატის საგარეო კომიტეტის წინაშე მოსმენაზე ბლინკენმა თქვა, რომ მხარს უჭერს უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებასა და ქვეყნის მხარდაჭერას რუსეთიდან მომავალი აგრესიის წინააღმდეგ. მან ასევე ისაუბრა უკრაინაში არსებულ სხვა პრობლემებზე:

"რუსეთი გარეგანი საფრთხეა. შინაგანი საფრთხეებია კორუფცია და ეფექტური ინსტიტუტების ნაკლებობა. უკრაინას ამ მიმართულებითაც უნდა დავეხმაროთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის საფრთხის შეკავებაში დავეხმარებით, შიდა საფრთხეები გაურთულებთ მათ დემოკრატიის მშენებლობას".

კომენტარები