კორონავირუსი საქართველოში

"დავაკვირდებით ერთი კვირა" - შეიძლება თუ არა, ტრანსპორტი დაგეგმილზე ადრე გაიხსნას

"დავაკვირდეთ". – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას, შესაძლებელია თუ არა, საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნის გადაწყვეტილება მიიღოს.

"მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამე გაიხსნა ქვეყანაში, დავაკვირდებით ერთი კვირა, როგორ იქნება ეს მონაცემები და ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე ვთქვათ, შეიძლება თუ არა რაღაცების გადმოტანა, უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს დაგეგმილია". – ამბობს იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ "იქითა კვირის ბოლოს უფრო კარგად გვეცოდინება, სტაბილურობა როგორია".

"რაღაცას რომ გახსნი, ორი კვირა სჭირდება, რომ შედეგი დავინახოთ. ეს კვირა არ გვაჩვენებს გახსნის შედეგებს, გვაჩვენებს ტენდენციას, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ისევ შემცირების. შემდეგი კვირა უკვე გვაჩვენებს, გახსნის შედეგებმა ძალიან რადიკალურად ხომ არ იმოქმედა". – თქვა იმნაძემ.

ეპიდემიოლოგის შეფასებით, "რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ ყველაფერი ძალიან ფრთხილად, დანის წვერზე უნდა გავიაროთ. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს და მეორე მხრივ, არ დაგვემართოს, რაც ნოემბერში დაგვემართა".

თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა რეგიონში გაიხსნა. ამ სამ ქალაქში საკოორდინაციო საბჭო გახსნის სავარაუდო თარიღად 1-ელ მარტს განიხილავს.

თუმცა, საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ  დადებითობის მაჩვენებელი 7 და 14-დღიან მონაკვეთში 4%-ზე დაბალი იქნება, სკოლები და ტრანსპორტი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება.

კომენტარები