დავითგარეჯის საქმე

დავშალოთ დავითგარეჯის სკანდალი მარტივ შეკითხვებად და ვუპასუხოთ – კაჭკაჭიშვილის განმარტება

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი დავითგარეჯის საქმეს ეხმაურება და კითხვებზე განმარტებას აკეთებს. კაჭკაჭიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დავშალოთ დავითგარეჯის გარშემო ატეხილი სკანდალი მარტივ შეკითხვებად და თითოეულ მარტივ, მაგრამ არსებით შეკითხვას ვუპასუხოთ:

1. არის თუ არა დავითგარეჯის კომპლექსი საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი?

– დიახ, არის.

2. არის თუ არა (დღესდღეობით და 1924 წლიდან მოყოლებული) დავით გარეჯას კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული (ანუ, აზერბაიჯანის იურისდიქციის ქვეშ) - ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის მონასტრების ჩათვლით?

– დიახ, ჩიჩხიტური ნაწილობრივ, ბერთუბანი - სრულად.

3. არის თუ არა დავითგარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება, სადავო ტერიტორია (ანუ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი), თუ მას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც, მაგალითად, საინგილოს (ისტორიული ჰერეთის) ძეგლებს იმავე აზერბაიჯანში?

– დიახ, მოლაპარაკებების საგანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

4. თვლის თუ არა აზერბაიჯანი (ცხადია, შეცდომით), რომ ბერთუბანი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და არა საქართველოსი?

– დიახ, თვლის.

5. 1937-38 წელს გამოცემული 200 000-იანი მასშტაბის რუკით (რაც ვითომ გადამალული იყო და რითიც აპელირებს გამოძიება), ხვდება თუ არა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები, კერძოდ, ჩიჩხიტური და ბერთუბანი, საქართველოს საზღვრებში?

ჩიჩხიტური კი, ბერთუბანი – არა.

6. დათმობს თუ არა აზერბაიჯანი მის ტერიტორიაზე მოქცეულ ქართულ ძეგლებს ნებისმიერ შემთხვევაში?

– არა, არ დათმობს (ამას მოწმობს ათეული წლობით გაწელილი მოლაპარაკებები).

7. არის თუ არა გამოსავალი ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანს შესთავაზოს ტერიტორიების გაცვლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული ძეგლების სანაცვლოდ?

– დიახ, არის.

8. მოქმედებდა თუ არა საექსპერტო კომისია, ივერი მელაშვილის ხელმძღვანელობით, იმ მიმართულებით, რომ გარეჯას კომპლექსი სრულად მოქცეულიყო საქართველოს შემადგენლობაში ტერიტორიის გაცვლის (ე.წ.
"მოცვის") საფუძველზე.?

– დიახ, ეს იყო საქართველოს პოზიცია 1995 წლიდან.

მორჩა, წერტილი". – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები