ოჯახში ძალადობა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც არასრულწლოვნის თანდასწრებით, ცოლზე ძალადობდა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სენაკში წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული პირი ცოლის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, ძალადობის, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გ.ლ. მეუღლესა და ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი - "KOMBAT"-ის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება.

კომენტარები