რუმინეთი

რუმინეთის Covid საავადმყოფოში ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში Matei Bals-ის Covid საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური პირების განცხადებით, საავადმყოფოდან 102 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ხანძარი უკვე ჩააქრეს.

ცეცხლი საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა და ოთხ ოთახს მოედო. 

სამი პაციენტი ადგილზე დაიღუპა. ერთი რეანიმაციის დროს, ხოლო მეხუთე დაღუპული მოგვიანებით აბაზანაში იპოვეს. ამჟამად ცეცხლის გაჩენის მიზეზს იძიებენ.

ევაკუირებული პაციენტებს კორონავირუსის საშუალოდ რთული და რთული სიმპტომები ჰქონდათ და უმეტესობა ჟანგბადის აპარატს იყენებდა. 

საავადმყოფოს მენეჯერის თქმით, შენობა 1953 წელს აშენდა და შემდეგ სრულად გარემონტდა. Matei Bals რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული საავადმყოფოა. 

"მანამ, სანამ ზოგადად ჯანდაცვის სისტემაზე ვილაპარაკებთ, უნდა გავიგოთ, რა მოხდა წუხელ", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ვლად ვოიჩულესკუმ, - "სინამდვილეშიმიზეზი  ის არის, რომ ჩვენი საავადმყოფოების აბსოლუტური უმრავლესობა არასაკმარისი დაფინანსების და გაუმჭვირვალე შენაძენების შედეგია, რამაც პრობლემების გრძელი სერია გამოიწვია".

რუმინეთის საავადმყოფოში ხანძარი გასული წლის ნოემბერშიც გაჩნდა, რამაც ათი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პანდემიის დაწყებამდეც რუმინეთის ჯანდაცვის სისტემა განიცდიდა ზეწოლას, კორუფციისა და არაეფექტიანობის გამო. ქვეყანას ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა აქვს.

როგორც Reuters წერს, სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ ერთი საავადმყოფო აშენდა. რუმინეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯანდაცვაზე ყველაზე ნაკლებს ხარჯავენ, ათიათასობით ექიმი და ექთანი სხვა ქვეყანაში წავიდა.

კომენტარები