კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სოლიდარული ვარ ბიზნესების მიმართ, თუმცა ყველაფერი ერთბაშად ვერ გაიხსნება

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ერთიანად ვერ მოიხსნება, რადგან, როგორც გამყრელიძე განმარტავს, იგივე მოხდება, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო. მისი თქმით, ბიზნესები რიგითობით უნდა გაიხსნას, ორკვირიანი მონაცემების გათვალისწინებით.

"ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე მეორე ტალღა, არ ვისურვებდი, რომ ჩემმა ქვეყანამ ამ მასშტაბის მესამე ტალღა გაიაროს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ახლა სიტუაცია სტაბილიზირდება და მაჩვენებლები მცირდება, მესმის, სოლიდარული ვარ მათ მიმართ – რესტორნების, სამთო კურორტების, სხვადასხვა ბიზნესის, მაგრამ, ჩვენ რომ ყველაფერი ერთბაშად გავხსნათ, იგივე მოხდება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. არ ვისურვებდი ამას, ვერავითარ შემთხვევაში ამას მხარს ვერ დავუჭერ, რომ შევიდეთ იმ ტიპის და მასშტაბის ტალღაში, რომელიც გვქონდა. ეს ვირუსი არსად გამქრალა, აგერ არის გვერდზე, ყველგან ტრიალებს. უნდა ვიყოთ ფრთხილად და ვაკვირდებოდეთ ორკვირეულ მონაცემებს და გარკვეული რიგითობით უნდა გაიხსნას ბიზნესები..." – ამბობს ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას.

70-მდე რესტორანი შაბათს, 30 იანვარს, ბოიკოტის ნიშნად მიწოდების სერვისს გათიშავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება რესტორნები. დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა რამდენიმე აქცია გამართეს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:  

  • 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება.
  • პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით".
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. 
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა;
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

კომენტარები