რუსეთი

ნავალნის გამოძიებას "პუტინის სასახლეზე" YouTube-ზე 100 მილიონი ნახვა აქვს

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გამოძიებას "პუტინის სასახლეზე" YouTube-ზე უკვე 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ალექსეი ნავალნის სამშობლოში დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკოსის Youtube არხზე 19 იანვარს გამოქვეყნდა ვრცელი გამოძიება ვლადიმერ პუტინის დამალული სასახლის შესახებ. სასახლეს ნავალნი უწოდებს "სახელმწიფოს სახელმწიფოში" და მის ღირებულებას 100 მილიარდ რუბლად აფასებს, რაც დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარია.

ვრცლად გამოძიების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულაზე ან იხილოთ ნავალნის ვიდეო.

პუტინი უარყოფს ნავალნის ბრალდებას, რომ შავი ზღვის სანაპიროზე სასახლეს ფლობს. 

"არაფერი იქიდან, რაც ნაჩვენებია ჩემს საკუთრებად, არც მე და არც ჩემს ნათესავებს არ ეკუთვნის და არც არასოდეს ეკუთვნოდა". – თქვა პუტინმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ხელსაყრელ დროს" გადაწყვიტეს ამ მასალებით მოქალაქეებისთვის "ტვინის გამორეცხვა. პუტინის თანახმად, რაიმე სახის რეალური სამხილებისა და დოკუმენტების ნაცვლად ვიდეოში ნაჩვენებია ყალბი ფოტოსურათები იმისა, თუ როგორ ცურავს პრეზიდენტი ბატერფლაის სტილით "რაღაც აუზში", რომელიც პუტინს არასდროს უნახავს. პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის და არასდროს ყოფილა დაკავებული ბიზნესით და მას "ბიზნესი არასოდეს აინტერესებდა".

კომენტარები