კორონავირუსი საქართველოში

თურნავა რესტორნების ბოიკოტზე: გვესმის მათი, თუმცა კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ სამთავრობო გუნდი ცალსახად ხედავს, რომ პანდემიიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, რესტორატორების მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მთავრობა მათი ყველა პრობლემის შესახებაა ინფორმირებული. 

ამის შესახებ ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა. ჟურნალისტმა მინისტრს 30 იანვარს დაგეგმილ ბოიკოტზე დაუსვა კითხვა, რომელშიც 100-ზე მეტი რესტორანი მონაწილეობს. 

"უნდა დავინახოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ მაქსიმალურად, როგორც კი გვეძლევა საშუალება ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ რეგიონს ვხსნით, ამა თუ იმ საქმიანობას ვხსნით. შეუძლებელია, რომ ჩვენ ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა ვითარებას და ნორმალურ ცხოვრებას, სამწუხაროდ". – ამბობს ნათია თურნავა. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ისინი მუშაობენ რესტორატორებთან და მათ უხსნიან, რატომ ერიდებიან გახსნის კონკრეტული თარიღის დასახელებას. ნათია თურნავა ამბობს, რომ, შესაძლოა, ეს თარიღი უფრო ოპტიმისტურიც გამოდგეს, ვიდრე დღეს მთავრობას აქვს ამის მოლოდინი. 

"რაც მთავარია, მათ გაიგეს ჩვენი ლოგიკა, რომ ყოველდღიურად ხდება გადახედვა ე.წ დადებითობის მაჩვენებლის. დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და უნდა მაქსიმალურად შევეცადოთ და დავაკვირდეთ. აქედან გამომდინარე, როგორც კი მოგვეცემა ამის საშუალება, აჭარის მსგავსად, სხვა რეგიონებზეც გავრცელდება ეს. 

აქედან გამომდინარე, კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს. მე მესმის მათი და მესმის, რომ მათი პროტესტი არ არის რაღაც პოლიტიზირებული აქტი და ეს შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ, როგორც კი მოგვცემს ეპიდემიური ვითარება საშუალებას, გავხსნათ, მათ შორის ღია სივრცეები რესტორნებში". – თქვა ნათია თურნავამ. 

100-ზე მეტი რესტორანი შაბათს, 30 იანვარს ბოიკოტს აცხადებს და მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის პარალელურად, მიწოდების სერვისს 24 საათით თიშავს. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება რესტორნები. დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა რამდენიმე აქცია გამართეს.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:  

  • 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება.
  • პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით".
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. 
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა;
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

 

კომენტარები