მთავარი არხი

კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი მაჭავარიანის კადრების გამო სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. კომისიაში უხამსობის შემცველ სიუჟეტად ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრებს მიიჩნევენ. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ მათი მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და მთავარ არხს სანქცია არ დააკისრა.

"მთავარი არხის სიუჟეტში გამოვლინდა ორი პრობლემური კომპონენტი: პირველი – გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც თან ერთვოდა აუდიონარატივი უხამს გამონათქვამზე კონოტაციით და მეორე - ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებდა, ხოლო კონტექსტის გათვალისწინებით პარლამენტის წევრებს - მამაკაცის გენიტალიებს. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია". – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომისიაში ასევე აცხადებენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებამ გადაწონა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ამიტომ კომისიამ არ დაადასტურა უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებით ადრესატების – ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების უფლების დარღვევა. განცხადებაში ასევე საუბარია არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებების დარღვევაზეც. 

მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ცენზურას უწოდებს. 

"გილოცავ, ერო, ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს! გილოცავთ". – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

კომენტარები