დავითგარეჯის საქმე

დეკანოიძე: სახელმწიფო მართლმსაჯულების გარეშე, როგორც უნდა ისე ექცევა ადამიანებს

ხატია დეკანოიძე
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამის კარგი მაგალითია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე "შეთითხნილი" მძიმე ბრალდებებით, რომლის პროპაგანდაშიც, როგორც დეკანოიძე ამბობს, სახელმწიფო მანქანა სრულად იყო ჩართული.

"ამიტომ, ყველაზე გულსატკენი და აღმაშფოთებელია ის, რომ სახელმწიფოს როგორც უნდა, მართლმსაჯულების გარეშე ისე ექცევა ადამიანებს - პოლიტპატიმრებს უნდა, გამოუშვებს, უნდა, გირაოს შეატანინებს, თუ უნდა ჩატოვებს". – ამბობს ხატია დეკანოიძე.

საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, სამოქალაქო მოძრაობები დაკავებულების მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო მოძრაობები სირცხვილია და რუსეთი ოკუპანტია .

პროკურატურის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ საქართველო-აზებაიჯანის დელიმიტალია-დემარკაციის ექსპერთთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას დავითგარეჯის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალოთ. პროკურორის თქმით, ამ ეტაპისათვის, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები