თადეოზ სარალიძე

დეკანოზი თადეოზი თავისი ქადაგებისთვის შენდობას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Facebook-ზე ავრცელებს დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილს.

წერილს გთავაზობთ უცვლელად:

"მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან". – ვკითხულობთ დეკანოზის წერილში.
 

დეკანოზმა თადეოზმა არმენოფობიური ქადაგება წარმოთქვა.  

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი რა ამბობს?! - რა გავცე, რის გავცეო". – თქვა მან.   

დეკანოზი თადეოზის არმენოფობიულ ქადაგებას თეოლოგი ბასილ კობახიძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მის მიერ სომხების სიძულვილის თესვაზე პასუხისმგებელი მეუფე დანიელია, რადგან "არანაირი ზომა არ მიუღია მისი ეპარქიის ტაძრების ამბიონებიდან ამ შხამის გადმონთხევის აღსაკვეთად."​​​​​




 

კომენტარები