სავაჭრო ქსელები

ცქიტიშვილი: მაღაზიებში საქონლის გადაცვლა შესაძლებელი იქნება, შემსუბუქება შეეხება გასახდელს

flickr.com

ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, 1-ლი თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც სავაჭრო ქსელები გაიხსნება, მაღაზიებში საქონლის გადაცვლა შესაძლებელი იქნება. მისივე თქმით, შემსუბუქება შეეხება გასახდელების ფუნქციონირებასა და ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანების დაშვებულ რაოდენობას. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ცქიტიშვილმა სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"გავიხსენეთ ერთკვირიანი წინასაახალწლო პერიოდი, როდესაც სავაჭრო ქსელებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია და ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზეც არის ის, რომ ეს გახსნის პერიოდიც ისე გავიაროთ, რომ ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. 

კომუნიკაცია ძალიან აქტიურია, ისინი ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან შრომის ინსპექციასთან, რომელთანაც არის შეთანხმებული გახსნის პირობები. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება. მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საათების გადახედვას, შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით იმ გადაწყვეტილებების ლოგიკაც, რასაც ეს შეზღუდვები ეფუძნება". – თქვა ცქიტიშვილმა. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან მუშაობას სავაჭრო ცენტრები აღადგენენ. სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში არ გაიხსნება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:  

  • 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება.
  • პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით".
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. 
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა;
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

კომენტარები