დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი სენატს განსახილველად გადაეცა

AP

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატიდან სენატში გადაინაცვლა. ორშაბათს, 25 იანვარს წარმომადგენელთა პალატის 9 ბრალმდებელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალი სენატს წარუდგინეს.

რესპუბლიკელ სენატორთა უმრავლესობა იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, იმპიჩმენტს საკმარისი რაოდენობის რესპუბლიკელი სენატორები არ დაუჭერენ მხარს, თუმცა მიაჩნია, რომ შედეგი განსხვავებული იქნებოდა, ტრამპს პრეზიდენტის პოსტზე მეტი დრო რომ ჰქონოდა დარჩენილი.

სენატში საქმის განხილვა 8 თებერვლიდან დაიწყება. ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტი იქნება, რომლის იმპიჩმენტის საკითხზე სენატში სასამართლო პროცესი გაიმართება. ის უკვე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

იმისათვის, რომ ტრამპს იმპიჩმენტი სენატმაც გამოუცხადოს, საჭიროა სენატორების 2/3-ის მხარდაჭერა. რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს სენატში ამჟამად 50-50 ადგილი აქვთ, თუმცა ვიცეპრეზიდენტის ხმა გადამწყვეტია, რის გამოც, უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ. იმპიჩმენტის საკითხში მათ, სულ მცირე, 17 რესპუბლიკელი სენატორის მიმხრობა დასჭირდებათ.

რამდენიმე დღის ადრე სენატის უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა იმპიჩმენტის საქმის სენატისათვის გადაცემის გადადება 28 იანვრამდე ითხოვა. რესპუბლიკელ სენატორებს მიაჩნდათ, რომ ეს ტრამპს მომზადების საშუალებას მისცემდა.

14 იანვარს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა უკვე დატოვა, სენატი შეძლებს იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. მან უკვე გამოთქვა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.

კომენტარები