მე-10 მოწვევის პარლამენტი

ხაზარაძე: ლელოს ოფისში შევხვდით ის პარტიები, ვინც მანდატების გაუქმებაზე დაწერა განცხადება

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დღეს ლელოს ოფისში ის პარტიები იყვნენ შეკრებილები, ვინც პარლამენტის მანდატების გაუქმებაზე განცხადება უკვე დაწერა. 

მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი გირჩთან მოლაპარაკებების გაგრძელება იყო. 

"ვიყავით შეკრებილი ის პარტიები, ვინც დაწერა მანდატების გაუქმებაზე განცხადება. გირჩს არ აქვს დაწერილი განცხადება მანდატების გაუქმებაზე და სწორედ ერთ-ერთი ეს საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ გირჩთან მოლაპარაკებები. მე მათი მჯერა, როცა ისინი ამბობენ, რომ არ შევლენ პარლამენტში. სხვა იქ არაფერი განხილულა.

კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო, თორემ, კიდევ ვიმეორებ, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ხედვა გვაქვს უამრავ საკითხზე. ამიტომ, იქ არც უფროსია, არც სკოლის და კლასის დამრიგებელი, არც არავის რიცხავენ და არც არავის იღებენ. ყველა პარტია იღებს დამოუკიდებლად თავის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, დღეს ის პარტიები ვიყავით შეკრებილი, ვინც განცხადება დაწერა მანდატების გაუქმებაზე და ვისზეც იყო გაკეთებული განცხადება, რომ 2-ში მათ გაუუქმებენ მანდატებს. კიდევ ერთხელ ვუთხარით ერთმანეთს, რომ კი, ისევ იმ პოზიციაზე ვდგავართ, არაფერი შეცვლილა, ვართ პრინციპულები, რადგან ამის დათმობა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ რამდენიმე წლით გადაიწევს უკან". – ამბობს ხაზარაძე. 

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები