თავისუფლების ინსტიტუტი უვიზო მიმოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

Getty Images

თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს კანონს, რომელიც 1 იანვრიდან შევიდა ძალაში და რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წესები შეიცვალა. 

ორგანიზაციის ცნობით, კანონი, შინაგან საქმეთა მინისტრის N176-ე ბრძანების ნორმებთან ერთად, მოქალაქეს უზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლებას. 

"2021 წლის იანვრიდან სადავო ნორმებით აღმასრულებელს მიენიჭა დისკრეციული უფლებამოსილება, საქართველოს მოქალაქეს უარი უთხრას საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი სარგებლობს უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში გასამგზავრებლად". – წერს ორგანიზაცია. 

თავისუფლების ინსტიტუტი კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, მიმოსვლის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს "მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით". 

როგორც თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი, გვანცა კვარაცხელია განმარტავს, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა არ ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ არცერთ ლეგიტიმურ მიზანს. 

"ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის შეშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს იმ ქვეყნის ნაცვლად, სადაც საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება. მოქალაქის მიერ თავისი ქვეყნის დატოვება ავტომატურად არ ნიშნავს უცხო ქვეყნის მიერ მის მიღებას. ამდენად, უცხო ქვეყნის განსაზღვრული დისკრეციის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილება არ უნდა მოქმედებდეს საქართველოს მოქალაქის მიერ თავისი ქვეყნის საზღვრის დატოვების უფლებაზე – ორივე გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოების მიერ მიიღება. ამდენად, მკაცრი ტესტით უნდა შეფასდეს იმ მიზნის ლეგიტიმურობა, რაც თავისუფალი გადაადგილების შემზღუდავი საკანონმდებლო ნორმის ავტორებმა მიუთითეს. 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მესაზღვრისთვის სადავო წესებით გათვალისწინებული დისკრეციის მინიჭება იძლევა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს მოქალაქის მიერ უვიზო მიმოსვლით სარგებლობის სიკეთეებს". – ამბობს გვანცა კვარაცხელია. 

 

2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წესები იცვლება. კერძოდ,  შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან სრულად ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს.

იხილეთ ვრცლად, რა შემთხვევაში არ გაგიშვებენ EU-ში და როგორ უნდა გაასაჩივროთ - ახალი წესები 1-ლი იანვრიდან 

კომენტარები