კორონავირუსი ნიდერლანდებში

ნიდერლანდებში შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა და მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ქალაქ ურკში მომიტინგეებმა დაწვეს კორონავირუსზე ტესტირებისათვის ქუჩაში მოწყობილი ჯიხური, ქალაქ ეინდჰოვენში კი პოლიციას ქვები დაუშინეს.

საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დედაქალაქ ამსტერდამში კი აქცია წყლის ჭავლით დაშალეს. აქციები არასანქცირებული იყო. ეინდჰოვენში დააკავეს, სულ მცირე, 55 ადამიანი, ამსტერდამში კი  – 100-ზე მეტი.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შესაჩერებლად ნიდერლანდების მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები დეკემბერში დააწესა და 9 თებერვლამდე გაგრძელდება. გასულ კვირას შეზღუდვებს დაემატა კომენდანტის საათიც, რომელიც საღამოს 9-დან დილის 4:30-მდე იმოქმედებს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსი 948 933 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 13 540.

კომენტარები