2008 წლის აგვისტოს ომი

კაპანაძე ხელისუფლებას: სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნას გამოყენებული სხვა ფორუმებზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ქართული ოცნების ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს. კაპანაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ეს შედეგი იქნეს გამოყენებული სხვადასხვა ფორუმზე.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს გაგრძელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ეს შედეგი, რომელიც სტრასბურგმა დააყენა, იქნეს გამოყენებული სხვა ფორუმებზე. ეს გადაწყვეტილება იძლევა შესაძლებლობას, რომ იქნეს გააქტიურებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თემა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გააქტიურებული იქნეს ადრე მიღებული რეზოლუციები, რომლებიც სწორედ ამ საკითხს ეხება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ცალკე მინდა რომ აქცენტი გავაკეთო, ეს არის საქართველო-რუსეთის დავა გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში. დავა, რომელიც თავის დროზე დაიწყო წინა ხელისუფლებამ 2008 წელს, რომელზეც 2011 წელს მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ განიხილავდა შინაარსობრივად ამ დავას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უნდა გამოეყენებინა კონკრეტული კონვენციის ფარგლებში". – თქვა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე მიმართავს ხელისუფლებას, გააკეთოს განმარტება, აპირებს თუ არა, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დააბრუნოს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში.

"ჩვენ ახლა გვრჩება ძალიან მცირე დრო, ეს არის სულ რამდენიმე თვე, 2021 წლის აპრილამდე, რომ უკან დაუბრუნდეს ეს საკითხი მართლმსაჯულების სასამართლოს. ამრიგად, მივმართავთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ გააკეთოს კონკრეტული განმარტება, პირველი იმაზე, რომ აპირებს თუ არა, რომ ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მართლმსაჯულების სასამართლოში, ანუ თავიდან
შეიტანოს თუ არა დავა. ისინი ამბობდნენ, რომ ელოდებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რაკი სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, აპირებენ თუ არა ამ 2-3 თვის განმავლობაში, რომ ეს დავა დააბრუნონ მართლმსაჯულების სასამართლოში.

მეორე, კონკრეტული ახსნა უნდა მოვისმინოთ იმასთან დაკავშირებით, ეს პერიოდი რატომ არაფერი არ გააკეთეს, რატომ არ გამოიყენეს კონკრეტულად არსებული მექანიზმები, რომლებზეც მაშინ სასამართლომ მიგვითითა, რატომ შეწყვიტეს ეს დიალოგი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით და ახლა რამდენად შეუქმნა ამ შეწყვეტილმა პროცესმა პრობლემა მართლმსაჯულების სასამართლოს დაბრუნების
საკითხს". – თქვა კაპანაძემ. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა

კომენტარები