დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

რესპუბლიკელი სენატორები ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის თებერვლამდე გადადებას ითხოვენ

დონალდ ტრამპი

აშშ-ს სენატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს სურთ, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი თებერვლამდე გადაიდოს. მათი თქმით, ეს ტრამპს მომზადების საშუალებას მისცემს.

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი უკვე დაუჭირა და მზადაა, საქმე სენატს გადასცეს. სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სენატში სასამართლო პროცესი, შემდეგ კი გაიმართოს კენჭისყრა, სადაც სენატორთა 2/3-ის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

სენატის უმცირესობის ლიდერმ,ა მიტჩ მაკ-კონელმა წარმომადგენელთა პალატას სთხოვა, სენატს საქმე 28 იანვრამდე არ გადასცეს. შედეგად, სასამართლო პროცესის გადადება 11 თებერვლამდე მოხერხდება.

"რესპუბლიკელი სენატორები მტკიცედ არიან გაერთიანებული  პრინციპით, რომლის მიხედვითაც სენატი, პრეზიდენტის ოფისი და თავად პრეზიდენტი ტრამპი იმსახურებენ სრულ და სამართლიან პროცესს, რომელიც მის უფლებებს პატივს სცემს". - თქვა მაკ-კონელმა.

ვინაიდან 5 იანვარს ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა, მათ ამ ინიციატივას უმრავლესობის ლიდერის, დემოკრატი ჩაკ შუმერის თანხმობა დასჭირდება. მას მაკ-კონელის შეთავაზებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


14 იანვარს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.

ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა უკვე დატოვა, სენატი შეძლებს იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. მან უკვე გამოთქვა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.

კომენტარები