ევროპარლამენტი

რა წერია ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსა და უკრაინაზე?

GETTY IMAGES

2021 წლის 20 იანვარს ევროპულმა პარლამენტმა ყოველწლიური ანგარიშები მიიღო, რომლებშიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის გამოხატული.

ერთობლივი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია:

"ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები აგრძელებენ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას საერთაშორისო კანონების დარღვევით, კვლავ არიან განლაგებული მოლდოვის რესპუბლიკაში და რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას. გამოვხატავთ შეშფოთებას აღმოსავლეთ სამეზობლოში უპრეცედენტო მასშტაბის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიის გამო. კვლავ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას, მოლდოვაში კონფლიქტის გაყინვის გაგრძელებას და ხაზს ვუსვამთ, რომ ამ კონტექსტში ევროკავშირის პოლიტიკა ერთსულოვანი უნდა იყოს."

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიურ ანგარიშში კი ნათქვამია:

"ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მხრიდან პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეშფოთებული ვართ ევროკავშირის უახლოეს სამეზობლოში კონფლიქტის ცხელი ზონების გავრცელებით, ისევე, როგორც გაყინული კონფლიქტებით და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების კუთვნილი ტერიტორიების მიმდინარე დე-ფაქტო ოკუპაციით.

კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, მის ნეგატიურ როლს გაყინულ კონფლიქტებში და მის ზეწოლას ევროკავშირის პირდაპირ მეზობლებზე. ასევე ვგმობთ ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევას, აზოვის ზღვის ბლოკადას, შავ ზღვაში უკრაინის გაზის საბადოების მისაკუთრებას, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

კვლავ მხარს ვუჭერთ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკას, მოვუწოდებთ რუსეთს, აიღოს პასუხისმგებლობა, გამოიყენოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებზე მისი გავლენა და სრულად შეასრულოს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

ხაზს ვუსვამთ საჭიროებას, ევროკავშირმა გაზარდოს ქმედებები ე.წ. გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისათვის, ჩართულ მესამე ქვეყნებთან დიალოგით, რათა აქტიურად დაუჭიროს მხარი საერთაშორისო კანონების, 1975 წლის ჰელსინკის აქტის და გაეროს ქარტიის  ნორმებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ გადაჭრის გზებს და გაზარდოს მხარდაჭერა კონფლიქტისაგან დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილებისადმი.

მოვითხოვთ, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქათველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ამ რეგიონების რუსეთის ადმინისტრაციაში დე-ფაქტო ინტეგრაცია.

კომენტარები