2008 წლის აგვისტოს ომი

წერეთელი: ისტორიული გადაწყვეტილებაა, საქართველოს დეოკუპაციის პროცესს შეუწყობს ხელს

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრის, გიგი წერეთლის თქმით, საქართველოსთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია და ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და შემდგომ ხელს შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციის პროცესსაც, საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებით რუსეთზე.

გიგი წერეთლის შეფასებით, ეს ისტორიული და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ვერდიქტი ყოველგვარ შანს უსპობს ადამიანებს საქართველოს შიგნით თუ გარეთ, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება საქართველოს ხელისუფლების ბრალი იყო.

"ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. საქართველოს სარჩელი დღეს დაკმაყოფილებულია და რუსეთმა წააგო ეს სასამართლო საქართველოსთან. ეს ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და იქნება ასევე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შემდგომში დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, კიდევ არის სხვადახვა პროცესი სასამართლოებში, ამას ძალიან შეუწყობს ხელს და ბუნებრივია, მთელ იმ პროცესს, რომელიც წლების განმავლობაში აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სხვა ინსტიტუტები, სადაც აქტუალურია საკითხები, რომლებიც უკავშირდება ომს, ადამიანის უფლებებს, დარღვევებს, სისხლის სამართლის დანაშაულებს, რაც იქნა ჩადენილი სწორედ ამ ომის პირობებში.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ზეწოლა, რა თქმა უნდა, საქართველო მარტო არ იქნება ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც უკვე ახალი პრეზიდენტიც და მისი გუნდიც საქართველოს ამოუდგება მხარში, რადგან სიმართლე, როგორც არაერთხელ გვითქვამს, არის ჩვენ მხარეს. რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნდა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ეს ომი დაიწყო საქართველომ, ეს ვერდიქტი და ეს გადაწყვეტილება ყოველგვარ შანსს უსპობს რაიმე რეალურობაზე ამისა, რადგან უამრავი დანაშაული მოხდა სწორედ რუსეთის მხრიდან". – ამბობს გიგი წერეთელი.


სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში - სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც. 

საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში. 

სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. 

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა

კომენტარები