2008 წლის აგვისტოს ომი

თალაკვაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილებამ განგვიმტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა

არჩილ თალაკვაძე

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა". – პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა. 

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი. უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა. ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლოების მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე". – წერს თალაკვაძე
 

სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში - სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც. 

საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში. 

სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. 

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. 

კომენტარები