2008 წლის აგვისტოს ომი

ლორთქიფანიძე: სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა

იუსტიციის სამინისტრო

"სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა". – იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა. 

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის პერიოდში დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, რომელიც არ საჩივრდება, 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისათვის, შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა". – ამბობს ლორთქიფანიძე.

სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში - სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც. 

საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში. 

სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. 

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. 

კომენტარები