2008 წლის აგვისტოს ომი

წულუკიანი: საქართველომ რუსეთს მოუგო! ასეთი დოკუმენტი აქამდე არასდროს გვქონია

"ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!" - იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა. 

"ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე". – წერს წულუკიანი facebook-ზე

სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში - სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც. 

საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში. 

სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. 

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. 

 

კომენტარები