აშშ

"გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და მეტიც" - ტრამპის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელი ვიდეო გაავრცელა.

"ვასრულებ ჩემს ვადას, როგორც აშშ 45-ე პრეზიდენტი და თქვენს წინაშე ვდგავარ ჭეშმარიტად ამაყი იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და უფრო მეტიც.

ამ კვირას ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას გავმართავთ და ვილოცებთ მისი წარმატებისათვის, რათა შეინარჩუნონ უსაფრთხოება და წინსვლა ამერიკაში. ჩვენ ვუგზავნით მათ საუკეთესო სურვილებს და გვსურს, ჰქონდეთ იღბალი - ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა."

ტრამპმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანია ტრამპს, საკუთარ ქალიშვილს, ივანკას, სიძეს, ჯარედ კუშნერს და საკუთარ შვილებს - ბარონს, დონს, ერიკს, ტიფანისა და ლარას.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს, მის ცოლ კარენს და პენსის ოჯახს, თეთრის სახლის შტაბის უფროს მარკ მედოუსს, თეთრი სახლის გუნდის და მისი ადმინისტრაციის წევრებს, ასევე საიდუმლო სამსახურს, ამერიკელ სამხედროებსა და სამართალდამცველებს.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ყველაფერში არ ვეთანხმებით, ერთი ქვეყანა ვართ დაუჯერებელი, პატიოსანი, ერთგული და მშვიდობის მოყვარე მოქალაქეებისა, რომლებსაც სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა აყვავდეს და ძალიან წარმატებული და კარგი იყოს. ნამდვილად დიდებული ქვეყანა ვართ.

ყველა ამერიკელი შეძრწუნებული იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა თავდასხმაა ყველაფერზე, რასაც ვუფრთხილდებით, როგორც ამერიკელები. ამას არასოდეს შევეგუებით.

ახლა, უფრო მეტად ვიდრე არასდროს, უნდა გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების გარშემო, დავძლიოთ მიკერძოებული ბოღმა და გამოვჭედოთ ჩვენი საერთო მომავალი."

ტრამპმა ისაუბრა მისი ადმინისტრაციის მიერ 4 წლის განმავლობაში გატარებულ პოლიტიკაზე, მათ შორის გადასახადების შემცირებაზე, პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლაზე, მექსიკასთან და კანადასთან ახალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევაზე და ჩინეთისათვის ტარიფების დაწესებაზე.

კორონავირუსზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ში უპრეცედენტო სისწრაფით შეიქმნა ორი ვაქცინა:

"სხვა ადმინისტრაციას ამისათვის 3, 4, 5, შეიძლება 10 წელიც კი დასჭირდებოდა. ჩვენ ეს 9 თვეში შევძელით". – თქვა მან.

ტრამპმა გამოსამშვიდობებელ ვიდეოში თქვა, რომ ამერიკის საზღვრები ახლა უფრო დაცულია, უმუშევრობა კი შემცირებული, აშშ გავიდა ცალმხრივი გლობალური შეთანხმებებიდან, რომლებიც მის ინტერესებს არ ემსახურებოდა, 3 ტრილიონ დოლარამდე დაიხარჯა სამხედრო ძალების აღორძინებისათვის, განადგურდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი, მოკლულია მათი ლიდერი ალ ბაღდადი და "მსოფლიოს მთავარი ტერორისტი" ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი, აშშ-მ აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე. ტრამპმა სიამაყით აღნიშნა, რომ პირველი პრეზიდენტია ათწლეულების განმავლობაში, რომელსაც ახალი ომი არ დაუწყია.

"ჩვენ ავაღორძინეთ ამერიკის ძლიერება შინ და ლიდერობა საზღვარგარეთ. მსოფლიო კვლავ პატივს გვცემს. გთხოვთ, არ დაკარგოთ ეს პატივისცემა..

...ახლა, როდესაც ვემზადები ძალაუფლების ახალი ადმინისტრაციისათვის გადასაცემად, მინდა იცოდეთ, რომ მოძრაობა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მხოლოდ დასაწყისია. ამის მსგავსი არაფერი ყოფილა. რწმენა, რომ სახელმწიფო ხალხს უნდა ემსახურებოდეს, არ გაქრება და ყოველდღიურად გაიზრდება". – თქვა მან.

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს, 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები