კორონავირუსი საქართველოში

ფერაძე ბაკურიანზე: მხოლოდ სასტუმროები შევამოწმეთ, არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. ფერაძის თქმით, ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროების მონიტორინგი ჩატარდა, ვინაიდან მთავრობის დადგენილებით მიხედვით, მათი მუშაობა აკრძალულია და არცერთი ჯარიმა არ დაწერილა. 

"ეს იყო გეგმიური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, იყვნენ სასტუმროს სტატუსის მატარებლები, თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრებლები. არცერთი კერძო საცხოვრებელი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან და ამ შემთხვევაში მითუმეტეს ჯარიმაზე არ ყოფილა საუბარი. 

დადგენილების მიხედვით, აკრძალულია მხოლოდ სასტუმროების ფუნქციონირება და მხოლოდ მათი გადამოწმება მოხდა. არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი". – თქვა ფერაძემ.

ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელები აცხადებდნენ, რომ სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათივე თქმით, ადგილობრივი მთავრობისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ 17 იანვარს, დღის ბოლომდე უნდა დაეცალათ დაქირავებული ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები მოქმედებს. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები