ზამთრის კურორტები

ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ სტუმრების მიღება აუკრძალეს

ბაკურიანი/ ფორმულა

ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათივე თქმით, ადგილობრივი მთავრობისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ 17 იანვარს, დღის ბოლომდე დაცალონ დაქირავებული ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ. 

"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ შეტყობინებები გუშინ, 16 იანვრის საღამოს დაიგზავნა. 

"ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ცოტა თოვლი წამოვიდა და ხალხი ამოვიდა ბაკურიანში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით დაიწყონ შანტაჟი. ადგილობრივი ბინების მესაკუთრეებს და კომპანიებს, რომლებიც აპარტამენტებს აქირავებენ, დაეგზავნათ გაფრთხილება, სასწრაფო რეჟიმში არ დააცლევინებენ ბინებს დამსვენებლებს, დაიწყებენ დაჯარიმებას". – ამბობს ასათაშვილი

ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ ბევრი ხალხი არის კურორტზე, თუმცა ეს ხალხი სასტუმროს მეპატრონეები და მათი ნათესავები არიან. მისივე თქმით, დაკეტილია პარკები. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები მოქმედებს. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები