კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პრემიერმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შემუშავება დაგვავალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, პრემიერმინისტრმა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, შეიმუშაონ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა. 

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"დღეს საბჭოზე განხილული იქნა ეს საკითხი [შეზღუდვების მოხსნის]. არის ასეთი დავალება პრემიერმინისტრის, რომ ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებმა ორი დღის განმავლობაში უნდა შეიმუშავონ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, როგორც გაზაფხულზე გვქონდა". – თქვა ამირან გამყრელიძე. 

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმითვე, ამ გეგმის "მონახაზები უკვე არსებობს" და შეზღუდვები ერთბაშად არ მოიხსნება. 

"ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება რომელიღაც ბიზნესი. დავაკვირდებით, რას მოიტანს ეს, შემდეგ კიდევ და სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, შემდეგ ეტაპზე რა გაიხსნება". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

18 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  247 915 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 234 636 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

პირველი თებერვლიდან იხსნება სავაჭრო მოლები და ბაზრობები. 

კომენტარები