ნინო ანანიაშვილი

"ანანიაშვილს შევუთანხმდი, რომ ის რუსი ბალერინა იქნებოდა" – ნოვისიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კეხმანი ამბობს, რომ ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელს, ნინო ანანიაშვილს შეუთანხმდა, რომ, თუკი ის ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელი გახდებოდა, ის რუსი ბალერინა იქნებოდა. 

ამის შესახებ კეხმანი რუსულ გამოცემა Московский комсомолец-ს ესაუბრა და ნინო ანანიაშვილთან დადებული და მოგვიანებით შეწყვეტილი შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა. 

"თებერვალში თბილისში სპეციალურად ჩავედით, რათა ნინო ანანიაშვილი გაგვეცნო. ყველა რისკის გათვალისწინებით, მე მას ვთხოვე და შევთანხმდით, რომ ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო, ის რუსი ბალერინა ყოფილიყო. ის ძალიან დიდხანს ფიქრობდა. ჩვენ მას მოველაპარაკეთ და საბუთებს ხელი მოვაწერეთ. ის ნოვოსიბირსკში დეკემბრის ბოლოს ჩამოფრინდა, ნახა თეატრი, იყო შთაბეჭდილების ქვეშ. შემდეგ ჩემთან გამოფრინდა პეტერბურგში და ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით ყველა დეტალზე". – ამბობს ვლადიმირ კეხმანი ინტერვიუში. 

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას თავად უთხრა.  იმავე ინტერვიუში ნინო ანანიაშვილმა ისიც თქვა, რომ ამავე დროს ის ქართულ დასსაც უხელმძღვანელებდა. 

9 იანვარს ნოვისიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებენ. როგორც განცხადებაში წერია, რომ "ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება მანამდე, სანამ ის ოფიციალურად იქნება წარდგენილი, დასის წევრების უკიდურესი უპატივცემულობაა". 

13 იანვარს კი თეატრმა კონტრაქტი საბოლოოდ შეწყვიტა

კომენტარები