რელიგიის თავისუფლება

გოცირიძე: სახელმწიფოს ვალია, ხალხს არ უჩნდებოდეს განცდა, რომ ქვეყანაში არსებობს იერარქია

რუსუდან გოცირიძე
თეორემა/ტაბულა

"უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ვალი არის, რომ არა უბრალოდ, როცა ცეცხლი გაჩნდება მაშინ ჩააქროს და ყოველ შემთხვევაში, ცეცხლი როცა გაჩნდება, ისე უნდა ჩააქროს, რომ არ დააზიანოს ირგვლივ ყველაფერი"- ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

"სახელმწიფოს ვალია, რომ ყველას უფლება დაიცვას და სახელმწიფო გასცემდეს ისეთ გზავნილებს, მესიჯებს, ისეთი მიდგომებით საუბრობდეს, რომ მოსახლეობას არ უჩნდებოდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების იერარქია, არსებობენ უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქალაქეები".- ამბობს გოცირიძე ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში. 

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო 1 ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.   

მომხდარს ევანგელურ-ბაპრისტური ეკლესია გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, "ქვეყანას, სადაც ლოცვისთვის თავს უტეხენ, მომავალი არ აქვს." 

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადების მიხედვით კი მსგავს დაპირისპირებებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდა გააჩინა და ხელი შეუწყო სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას. NGO-ების განცხადების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მუსლიმთა ღვთისმსახურებისთვის ხელისშემშლელი ქმედება. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირება "ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება", თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი ტოლერანტობაზე საუბრისას ერი ცალკე, მუსლიმები კი "სხვებად" მოიხსენია.

კომენტარები