რელიგიის თავისუფლება

კალაძემ ტოლერანტობაზე საუბრისას, ერი ცალკე, მუსლიმები კი "სხვებად" მოიხსენია

"არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა". – თბილისის მერი კახა კალაძე ბუკნარში მუსლიმ ახალგაზრდებზე თავდასხმას გამოეხმაურა. მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ერი ცალკე, ხოლო მუსლიმები "სხვებად" მოიხსენია.

"ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც "აქვს უთვალავი ფერითა" და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა, არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე.

საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ.

არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არამხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა.

მჯერა ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის". – დაწერა კალაძემ.

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო 1 ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.  

კომენტარები