რელიგიის თავისუფლება

სონღულაშვილი: თუ ქვეყანაში ადამიანს სცემენ, რადგან ჯვარი არ უკეთია, არ შემიძლია, ჯვარი ვატარო

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

"თუ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს სცემენ იმის გამო, რომ ჯვარი არ უკეთია, მე არ შემიძლია ჯვარი ვატარო". - ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

"უკვე 10 წელია, მე ჯვარს არ ვატარებ საქართველოში მუსლიმებისთვის სოლიდარობის ნიშნად.  [...] ჩვენ, ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს, იმ დამცირების, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის გამო, რომელსაც ჩვენ მათ ვაყენებთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 

თუ ჩვენი ორიენტაცია მართლა ევროპულია, თუ ჩვენ მართლა გვინდა, ავაშენოთ საღი საზოგადოება, საღ საზოგადოებაში მიუღებელია, რომ ადამიანს, თინეიჯერს თავი გაუტეხონ იმის გამო, რომ ლოცვა უნდა. ამაღელვებელი იყო ეს ამბავი ჩემთვის, ყოველთვის ვამბობ, რომ იქნებ ეს იყოს ისლამოფობიის ბოლო გამოვლინება, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ამ საკითხზე სერიოზული საუბარი გვჭირდება". - ამბობს მალხაზ სონღულაშვილი ფორმულას ეთერში.  

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.   

მომხდარს ევანგელურ-ბაპრისტური ეკლესია გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, "ქვეყანას, სადაც ლოცვისთვის თავს უტეხენ, მომავალი არ აქვს." 

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადების მიხედვით კი მსგავს დაპირისპირებებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდა გააჩინა და ხელი შეუწყო სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას. NGO-ების განცხადების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მუსლიმთა ღვთისმსახურებისთვის ხელისშემშლელი ქმედება. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირება "ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება", თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი ტოლერანტობაზე საუბრისას ერი ცალკე, მუსლიმები კი "სხვებად" მოიხსენია.

კომენტარები