ბიძინა ივანიშვილი

Le monde: ოლიგარქი, რომელიც პატარა ქვეყანაზე მეფობს, აცხადებს, რომ პოლიტიკას ტოვებს

ქართული ოცნება

ფრანგული გამოცემა Le Monde ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ვრცელ სტატიას უძღვნის. ავტორი პუბლიკაციაში, რომელიც 13 იანვარს გამოქვეყნდა, ბიძინა ივანიშვილს "ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე და ამავდროულად, ყველაზე ფარულ ადამიანად" მოიხსენიებს.

"64 წლის ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ აქვს, კავკასიის ამ პატარა ქვეყანაზე მეფობს. 2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ლიდერმა, ოლიგარქმა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, 11 იანვარს გამოაცხადარომ ტოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას". - წერს Le Monde და ბიძინა ივანიშვილს ციტირებს, სადაც ქართული ოცნების დამფუძნებელი ირწმუნება, რომ მისია შეასრულა და საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას.

ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის განცხადება საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში გააკეთა.

"ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია 2020 წლის 31 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამავდროულად ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელია (240 000 ინფიცირებული 3,7 მილიონ მოსახლეზე) პარალელურად კი, ეკონომიკური კრიზისია და ისმის გახშირებული ბრალდებები დემოკრატიაზე თავდასხმის შესახებ. 

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაგმო არჩევნების “გაყალბება” და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, ამავდროულად, ქართული ოცნება ხმების 48%-ით გამარჯვებულად გამოცხადდა. ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნებს არ დაურღვევია ფუნდამენტური თავისუფლებები, თუმცა, შორს იყო იდეალურისგან. 

პარლამენტში პრო-რუსული პარტის, პატრიოტთა ალიანსის მხოლოდ 4 დეპუტატი შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში ამაზე უთანხმოებაა - მათ დატოვეს ალიანსი და ახალი პარტია შექმნეს - ევროპელი სოციალისტები. 

8 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან გამოვიდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო. 4-მილიარდიანი ქონებიდან ათასობით ევრო დახარჯა საკუთარი სოფლის, ძეგლების, თეატრების, მუზეუმებისა და სკოლების რესტავრირებისთვის. მან ასევე ააშენებინა ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი ამ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში" - წერს გამოცემა.

Le monde წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას პირველად არ აკეთებს.

"2013 წელს, პრემიერმინისტრობიდან 1 წლის თავზე თანამდებობა დატოვა, ხოლო 2018 წელს ისევ პარტიაში დაბრუნდა. მილიარდერი კულისებიდან ყოველთვის ჩართული იყო. მისი გავლენა გამოიხატებოდა მთავრობის წევრებთან სიახლოვეში -  შინაგან საქმეთა მინისტრი მისი დაცვის ყოფილი წევრია, თავდაცვის მინისტრი - მისი შვილის ყოფილი აგენტი, ჯანდაცვის მინისტრი - მისი მეუღლის სტომატოლოგი. მთავარი პროკურორი კი, მისი პერსონალური ადვოკატი. 

ქართველები ბიძინა ივანიშვილისგან ყველაზე მკაფიოდ მის სასახლეს ხედავენ, რომელიც თბილისის თავზე, 40 მილიონ ევროდ ააშენა. ფუფუნება ცუდად ხვდება თვალში იმ ქვეყნის მოსახლეობას, სადაც საშუალო ხელფასი 324 ევროა. ოპოზიცია მას ბრალად სდებს პრო-რუსულობას, ამავედროულად, მისი მომხრეების მზარდი ნაწილ აკრიტიკებს - იმედგაცრუებულნი შეუსრულებელი დაპირებებებით - რომ 8 წლის შემდეგ, ეკონომიკა ვერ გააუმჯობესა. 

ოლიგარქი ამბობს, რომ “მშვიდობა” და “პლურალისტული, ღია დემოკრატია” შემოიტანა “9-წლიანი ავტორიტარიზმის და პროპაგანდის“ შემდეგ, რომელსაც, მისი აზრით, მისი მტრის, მიხეილ სააკაშვილის პარტია - ენმ გამოხატავდა" - ნათქვამია სტატიაში.

Le monde წერს, რომ ოპოზიცია "ბიძინა ივანიშვილის წასვლას" სკეპტიკურად შეხვდა. გამოცემა მიხეილ სააკაშვილს "დევნილად" მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისმა პარტიამ ხმების 27% მიიღო.

 "მეორეჯერ აკეთებს ამას. არ არის გასაკვირი... ბიძინა ივანიშვილმა იცის, იმიტომ მიდის, რომ არაპოპულარულია და ყველამ იცის, რომ მან არჩევნები მოიპარა. ის მაინც შეინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად ყველაფრისა“ - ციტირებს Le monde სააკაშვილს.

თორნიკე გორდაძე, რომელიც საქართველოში ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრია და Sciencepo-ში ასწავლის, ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა არანაირად არ ამცირებს მის გავლენას, რადგან მისი გავლენა ოფიციალურ თანამდებობასთან არ არის კავშირში. 

“ის აკონტროლებს მთავრობას, მართმსაჯულების სისტემას, იმიტომ, რომ ვინც ამ თანამდებობებზე იმყოფება, დამოკიდებულია ივანიშვილზე, მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მის წინააღმდეგ წავიდნენ, ივანიშვილის ერთადერთი მიზანი მისი პერსონალური და ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“ - ციტირებს Le monde გორდაძეს.

ფრანგული გამოცემა იხსენებს, რომ პოლიტიკიდან წასვლის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთიდან "ყველაზე დიდი ჯილდო" - საპატიო ლეგიონერის ორდენი მიიღო.

"ყველაზე მდიდარი ქართველი, რომლის მეუღლეც საფრანგეთის მოქალაქეა (და, თავადაც ჰქონდა ფრანგული პასპორტი), დააჯილდოვეს “საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის“ დაფუძნებისა და “ორმოცწლიანი მსახურებისთვის“  - წერია 1-ლი იანვრის ოფიციალურ პრესრელიზში.

Le monde დაუკავშირდა Quai D’Orsay-ს, რომ გაერკვია, ზუსტად რა სერვისები იგულისხმებოდა, მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის “მისი ხანგრძლივი კონტრიბუცია ფრანგულ-ქართულ თანამშრომლობაში, განსაკუთრებით, კულტურულ და მეცნიერულ დარგებში”.

საქართველოს მთავრობის წევრები მას ჯილდოს მიღებასულოცავდნენ. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც 2003 წელს აქვს ეს ჯილდო მიღებული, ახლა საქართველოს პრეზიდენტია და ახლო კავშირები აქვს ქართული ოცნების წევრებთან, მიესალმა ბიძინა ივანიშვილის ჯილდოს და აღნიშნა “მისი კონტრიბუცია საფრანგეთისა და საქართველოს დემოკრატიული კავშირების განვითარებაში, მისი მეცენატობა და ფრანგული სკოლის გახსნა თბილისში“. 

ამ ჯილდომ აღშფოთება გამოიწვია ოპოზიციაში" - წერს Le Monde.

გამოცემა ასევე ციტირებს ოპოზიციის ერთერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

"გილოცავთ ბატონო ივანიშვილო, რომ შეუერეთდით დემოკრატიულ მმართველებს, რომლებიც დაჯილდოვნენ ღირსების ლეგიონის ორდენით, - ირონიულად წააწერა ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ - ბიძინა ივანიშვილის, ვლადიმერ პუტინისა და ბაშარ ალ ასადის ფოტოებს".

კომენტარები