კორონავირუსი საქართველოში

"ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო" - რა შემთხვევაში დაიწყებენ სკოლების გახსნაზე ფიქრს

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით, სკოლებისა და ბაღების გახსნა არ იგეგმება. მან რუსთავი ორის ეთერში განაცხადა, რომ ამისთვის "ეპიდემიური სურათი არ არის კეთილსაიმედო" და "კიდევ უნდა დავაკვირდეთ".

"ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე, როგორც კი მივუახლოვდებით ამ მაჩვენებელს, შემდეგ შეიძლება ამ მიმართულებითაც ფიქრი". –ამბობს გაბუნია.

13 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსზე გატესტილ პაციენტთა 11%-ზე მეტს უდასტურდება Covid 19.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გასული წლის მარტში გადავიდა. ახალ სასწავლო წელს კი სკოლები მხოლოდ დაწყებით კლასებში, რამდენიმე ქალაქში გაიხსნა. ასევე, დაიწყო სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღების ნაწილში.

28 ნოემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი როგორც კერძო ბაღებში, ისე სკოლებსა და უნივერსიტეტებში სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ ნაწილს ეხება.

კომენტარები