ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობების დარიგება "ერთგვარი საახალწლო საჩუქარია".
"ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია და ეს მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც ეხება. ეს აქტიც ზუსტად ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე გამოიცა. მინდა, პარლამენტს მადლობა გადავუხადო მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობა შეჩერებული ჰქონდათ, ეს ერთგვარი საახალწლო საჩუქარია.
მინდა, მოქალაქეებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ მანქანის მართვას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ყველაზე მთავარი პრობლემა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაა და ამას ყველა უნდა მოერიდოს". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ქართული ოცნების ინიციატივით, ჩამორთმეული მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც მართვის მოწმობა მიმდინარე წლის 16 დეკემბრამდე ალკოჰოლური თრობის საფუძვლით, მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის, ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ქულების ამოწურვისთვის ან წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.





