ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

ბესელია: ივანიშვილთან მიმართებაში კობახიძის ლექსიკონში არ არსებობს "არა", "არ შეიძლება"

ტაბულა

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დატოვება იმის შენარჩუნების მცდელობაა, "რის მისაღწევადაც ის ყველაფერზე წავიდა". 

ბესელიას თქმით, იმ ადამიანების დატოვებით, ვინც ქართულ ოცნებაში დარჩა, ივანიშვილმა შეიქმნა გარანტია, რომ მშვიდად გააგრძელოს გავლენებით სარგებლობა.  

"ამ ადამიანების ხელში ის ვერ ხედავს პრობლემას, მაგალითად, რასაც დაინახავდა ჩემი ან რამდენიმე იმ ადამიანების პირობებში, ვისთანაც ის მუდმივად კამათობდა". – ამბობს ბესელია. 

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ლექსიკონში, ბიძინა ივანიშვილის მიმართებაში, არ არსებობს სიტყვები "არა" ან "არ შეიძლება". 

"როდესაც ის ბრუნდებოდა პოლიტიკაში, 2016 წელს, მაშინ ახალი მოგებული გვქონდა საპარლამენტო არჩევნები მეორე ვადით და ხელისუფლების დაკარგვის არანაირი საფრთხე არ არსებობდა. სანამ გამოაცხადებდა პოლიტიკაში დაბრუნებაზე, შეხვედრა მთხოვა და მითხრა, რომ ამას აპირებდა, რადგან ხელისუფლება შეიძლება დაიკარგოს. ამის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობდა. ეს იყო მისი უშუალო გავლენის დაკარგვის საფრთხე. იმიტომ, რომ მაშინ კვირიკაშვილი იყო, რომელსაც შეეძლო, არ ეპასუხა ტელეფონისთვის, რაღაცებზე ეთქვა "არა" და წინააღმდეგობა გაეწია. ახლა კობახიძის ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა "არა", "არ შეიძლება". არც კალაძის ლექსიკონში არსებობს". – ამბობს ბესელია. 

ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

კომენტარები