ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

გოგორიშვილი: ივანიშვილის წერილი უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურებაა

"ბიძინა ივანიშვილის წერილი დაწყებული ფორმით, რა ფორმას ირჩევს ის საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის, დამთავრებული შინაარსით, არის ერთადერთი რამ, ეს არის უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურება". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ბიძინა ივანიშვილის წერილს და მის პოლიტიკიდან წასვლას.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ყველა მისი დაპირება შესრულდა, არის საზოგადოების შეურაცხყოფა. მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ქველმოქმედებად მონათვლა ნიშნავს, რომ მას უნდა საზოგადოებას ყველაფერი დაანახოს ისე, როგორც თავად სურს. გოგორიშვილის თქმით, ქველმოქმედება უანგარო უნდა იყოს, ხოლო ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთერთი მთავარი თვისება ანგარებაა.

"ამას გვეუბნება, რომ მე რაც ვთქვი, ყველაფერი გავაკეთე, გიხაროდენ. ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის უტიფრობა, არის მატყუარა ადამიანის მცდელობა, რომ ისე მოაჩვენოს სიტუაცია საქართველოში, რომ თითქოს ხალხი არ შიმშილობს, თითქოს არ არის სრულიად უმართავი პოლიტიკა პანდემიასთან მიმართებაში, თითქოს კრიმინალი არ ბოგინებს და ჩვენ ყველა საამურ ქვეყანაში ვცხოვრობთ". – ამბობს ხათუნა გოგორიშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

კომენტარები