კოორნავირუსი საქართველოში

ნადარეიშვილი: თებერვლიდან მოლების გახსნის ერთი პირობა თანამშრომელთა რეგულარული ტესტირებაა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, ამბობს, რომ 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო მოლების გახსნის ერთ-ერთი პირობა კორონავირუსზე თანამშრომლების რეგულარული ტესტირება იქნება. ამის შესახებ ნადარეიშვილმა სავაჭრო მოლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ თქვა. 

"შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების,  საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა". – თქვა ნადარეიშვილმა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები - ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სავაჭრო მოლები 28 ნოემბერს დაიხურა. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კი მოლებმა მუშაობა რეკომენდაციების დაცვით განაახლეს.  

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

გუშინ, 11 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდება. მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ვაჭრობასა და ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

კომენტარები