შეზღუდვები საქართველოში

"ვმსჯელობთ ვაჭრობასა და ტრანსპორტზე" - რა შეზღუდვები შეიძლება მოიხსნას 1-ლი თებერვლიდან

თბილისის მერია

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს პირველ თებერვლამდე ახანგრძლივებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ილაპარაკა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, დარჩენილ დროში "ძალიან აქტიური კომუნიკაცია" ჰქონდეთ ბიზნესთან.

"მოვემზადოთ პირველი თებერვლისთვის უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება, საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ბიზნესებს, დღესაც, ხვალაც აქვთ ჩემს მოადგილეებს შეხვედრები არასასურსათო ვაჭრობასთან". – ამბობს თურნავა და იმედს გამოთქვამს, რომ "უსაფრთხო გახსნის პროცესი თებერვლიდან დაიწყება".

კითხვაზე, რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი თებერვლიდან და ეს შეეხება თუ არა კომენდანტის საათს, ეკონომიკის მინისტრს ზუსტი პასუხი არ აქვს. ის დარწმუნებით ვერც იმას ამბობს, განაახლებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ნათია თურნავას თქმით, ამაზე მსჯელობენ.

"არ მინდა, გავასწრო მოვლენებს, პირველი თებერვლიდან რა რეჟიმიც ამოქმედდება, ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ ამ დარჩენილ ორ-სამ კვირაში, ყველაზე დიდი ალბათობა არის ვაჭრობა, იმიტომ, რომ ვაჭრობამ დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ, ძალიან მკაცრად დაიცვან წესები, თუმცა, ამ დღეებში მათთან კიდევ ვიმუშავებთ.

ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე, მეტი კონკრეტიკა გამოიკვეთება ამ დღეებში.

რა მოცემულობა უნდა იყოს? უნდა იყოს დაღმასვლა ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში, დღესდღეობით მაინც მაღალი რიცხვია, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამ სტაბილიზაციას და პროგრესს არაფერი დაემუქრება.

მაგრამ ვმსჯელობთ აქტიურად, ძალიან კარგად გვესმის, რომ ბიზნესის დროული ამოქმედება არის კრიტიკული საკითხი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე პანდემიასთან ბრძოლა". – თქვა თურნავამ.

28 ნოემბრიდან საქართველოში არაერთი შეზღუდვაა დაწესებული, რასაც მთავრობა "წერტილოვანს" უწოდებს. გაჩერებულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ასევე, კვების ობიექტები, არასასურსათო მაღაზიები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი, რომელიც გამონაკლისის სახით მხოლოდ 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამით მოიხსნა. 

გარდა ამისა, სექტემბრიდან აკრძალულია ქორწილების, ნათლობების, ქელეხების და მსგავსი ღონისძიებების გამართვა. დისტანციურად გაგრძელდა სწავლა სკოლებში, დაკეტილია საბავშვო ბაღები.

მარტის შემდეგ შეზღუდვებია დაწესებული რეგულარულ ფრენებზე, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიებს მხოლოდ 14 მიმართულებით შეუძლიათ რეისების შესრულება. ეკონომიკის მინისტრი რამდენიმე კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ თებერვლიდან საჰაერო ფრენებზე ყველა შეზღუდვას მოხსნიან, თუმცა, ამ ეტაპზე დაზუსტებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასაც ვერ ჰპირდება საზოგადოებას.

კომენტარები