მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

პუტინი, ალიევი და ფაშინიანი ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებაზე შეთანხმდნენ

TASS

ვლადიმირ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ.

სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები მთიანი ყარაბაღის რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის გახსნაზე შეთანხმდნენ. შეიქმნება სამმხრივი სამუშაო ჯგუფი რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ვიცეპრემიერების ხელმძღვანელობით.

სამუშაო ჯგუფმა 2021 წლის იანვრამდე ჩაატარებს პირველ შეხვედრას, რომელზეც განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოების მთავარი მიმართულებები, ყურადღება იქნება გამახვილებული სარკინიგზო და საავტომობილო კავშირებზე.

სამუშაო ჯგუფი შექმნის ექსპერტებით დაკომპლექტებულ ქვე-ჯგუფებს. ექსპერტების ქვე-ჯგუფები ერთი თვის ვადაში, 2021 წლის პირველ მარტამდე შეიმუშავებენ პროექტებს, რომელთა მიზანია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტები უმაღლეს დონეზე უნდა დამტკიცდეს.

ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი და სასარგებლო უწოდა.

"დღევანდელ შეხვედრას ვთვლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანად და სასარგებლოდ, ვინაიდან ჩვენ შევძელით, შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ საერთო განცხადებას რეგიონში მდგომარეობის განვითარებისთვის". – თქვა პუტინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პუტინმა აღნიშნა, რომ გულისხმობდა ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმებების რეალიზაცია წაადგება როგორც აზერბაიჯანელ, ასევე სომეხ ხალხს. ეჭვგარეშეა, რომ ეს სასარგებლო იქნება რეგიონისთვის მთლიანობაში და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ინტერესებისთვის". – თქვა პუტინმა.

შეხვედრის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი დაურეგულირებელი რჩება. 

"სამწუხაროდ ეს კონფლიქტი დაურეგულირებელი რჩება. რა თქმა უნდა, ჩვენ შევძელით ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა, მაგრამ ჯერ რჩება ბევრი საკითხი, რომელიც გადასაწყვეტია. ამ საკითხებიდან ერთერთია მთიანი ყარაბაღის სტატუსი" - თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თანახმად, რომ სომხეთი მზადაა მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატის ფარგლებში. სომხეთის პრემიერმინისტრამ აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მხარეები მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის "შემდგომი მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისთვის".

ალიევმა გამოთქვა იმედი, რომ მეზობელი ქვეყნები აქტიურად ჩაერთვებიან სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ალიევმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა და მომავალზეა საჭირო ფიქრი.

9 ნოემბერს გაფორმებული მთიანი ყარაბაღის შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ლიდერები ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შეიკრიბნენ. შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა. მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმლია პუტინის ალიევთან და ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრებიც.

შეხვედრამდე პუტინმა აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობის დარეგულირებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

"დღეს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გასული წლის 9 ნოემბრის საერთო განცხადების ფარგლებში, დავისახოთ მომდევნო ნაბიჯები დარეგულირების საკვანძო მიმართულებებზე. ვგულისხმობ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის საქმიანობასთან, დემარკაციის ხაზის დაზუსტების, ჰუმანიტარული პრობლემებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს." – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, მთიან ყარაბაღის შეთანხმება თანმიმდევრულად განხორციელდება და ეს ქმნის წინაპირობას კონფლიქტის ხანრგრძლივი და სამართლიანი დარეგულირებისთვის. ვლადიმირ პუტინის თქმით, მთიანი ყარაბაღში მდგომარეობა მშვიდია და რეგიონში უკვე დაბრუნდა 48 000 ადამიანი. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირებისა და საზღვრების გახსნა რეგიონში. სავარაუდოდ, ამ საკითხებით დაკავდება სპეციალური სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცეპრემიერი გაუძღვებიან.

9 ნოემბერს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები