აშშ

ბაიდენმა CIA-ის დირექტორის პოსტზე რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, უილიამ ბერნსი წარადგინა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს [CIA] დირექტორის პოსტზე რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, უილიამ ბერნსი წარადგინა. ბაიდენმა უკვე თითქმის სრულად დაასახელა თავისი ადმინისტრაციის შემადგენლობა, ამ დრომდე გაურკვეველი რჩებოდა სადაზვერვო სამსახურის დირექტორობის კანდიდატი. 

"ბილ ბერნსი საერთაშორისო არენაზე საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამაგალითო დიპლომატია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკელებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის". – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ბერნსი იზიარებს მის შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზვერვის სამსახური აპოლიტიკური უნდა იყოს. არჩეული პრეზიდენტის თქმით, ბერნი იქნება დამოუკიდებელი და იხელმძღვანელებს ობიექტური ფაქტებით, "რაც დაზვერვას ძალიან სჭირდება."

ბერნს 33 წლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. 1998-2001 წლებში იგი იყო აშშ-ს ელჩი იორდანიაში, 2005-2008 წლებში – რუსეთში. გარდა ამისა, ბერნსი მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე, სხვადასხვა წლებში იგი იყო სახელმწიფო მდივნების, უორენ კრისტოფერისა და მადლენ ოლბრაითის თანაშემწე. 

2008-2011 წლებში ბერნის იკავებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს პოლიტიკურ საკითხებში. ბერნსი მუშაობდა აშშ-ს 5 პრეზიდენტთან და 10 სახელმწიფო მდივანთან.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში 21 იანვარს გაიმართება, უკვე ცნობილია, რომ პროცესს არ დაესწრება აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

კომენტარები