მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

ილჰამ ალიევი/ვლადიმირ პუტინი/ნიკოლ ფაშინიანი

ორშაბათს, 11 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მთიანი ყარაბაღის საკითხების განსახილველად შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ინიციატორი ვლადიმერ პუტინი იყო. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები უკვე მოსკოვში არიან.

როგორც კრემლში აღნიშნეს, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული მცხოვრებლების დახმარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას. ასევე გათვალისწინებულია ალიევთან და ფაშინიანთან პირისპირ პუტინის შეხვედრები. 

ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივნის, მანე გევორკიანის, თანახმად, სომხური მხარე აპირებს სამხედრო ტყვეებისა დაბრუნების, დაღუპული სამხედროების სხეულების ძებნის და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნის საკითხების დაყენების. ბაქოს ოფიციალურად არ გაუსაჯაროებია მოლაპარაკებების საკითხები. 

კრემლის ინფორმაციით, სამმხრივი შეხვედრა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, განიხილა.

"მთიან ყარაბაღში მდგომარეობის სტაბილიზაციის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბერს გაკეთებული ერთობლივი განაცხადების რეალიზაციის ფარგლებში აღნიშნულია, რომ პირველ რიგში ამ შეხვედრაზე განხილული იქნება სამომავლო ნაბიჯები რეგიონში მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად". – აღნიშნავენ კრემლში.

9 ნოემბერს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები