ბიძინა ივანიშვილი

უგულავა ივანიშვილზე: აითესა ისე, როგორც არასდროს, ჩვენ მივუახლოვდით რიგგარეშე არჩევნებს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომელშიც ის ირწმუნება, რომ ქართული პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

უგულავას შეფასებით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადება "უკიდურესი სისუსტის და უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა". 

მისივე განმარტებით, ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება ფორმალურია და არაფერი შეიცვლება იქამდე, სანამ " მორიგი მთავარი პროკურორი შოთაძე ან რომელიმე მურუსიძე მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით და გადაწყვეტს ვინ გამოუშვან ციხიდან და ვინ დაიჭირონ". 

"ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს ვირთხის წელიწადს, არჩევნებზე გამოუტანა წირვა, მან იჭირვეულა და ეხლა უკვე ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა, მაგრამ არსი არ შეცვლილა, ის დამარცხდა ამ არჩევნებზე, როგორც ვირთხა და მიისაკუთრა ძალაუფლება. 

დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს ცვლის, მე შორს ვარ იმ კონსპირაციიდან, რომ ეხლა დავიწყო, ივანიშვილი თავს გვაჩვენებს, თუ მართლა მიდის, თავისთავად ცხადია, სანამ მორიგი მთავარი პროკურორი შოთაზე ან რომელიმე მურუსიძე, სანამ მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით, ვინ გამოუშვან ციხიდან და ვინ დაიჭირონ, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არაფერი არ შეიცვლება და ნურანაირ ილუზიას ნუ შევიქმნით. 

ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როცა ქვეყანას 8 წელი მართავ მილიარდელი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას გადასახდელი". – ამბობს უგულავა. 

მისივე თქმით, ივანიშვილმა მოსახლეობას გასამმაგებული ვალი და ორნახევარჯერ დევალვირებული ეროვნული ვალუტა დაუტოვა, რამაც მოსახლეობა უკიდურესად გააღარიბა. 

"უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როცა შენი მმართველობის დროს პრაქტიკულად ორნახევარჯერ დევალვირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო. 

უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როცა გარბიხარ, მაშინ, როცა ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, მიტაცებულია ეს თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა ამ წუთას, შენზეა და შენს ძლიერ მოყვანილ ადამიანებზე. 

მე მინდა ვუთხრა ქართული ოცნების ამომრჩეველს, ჩვენ ძალიან ბევრ რამეში მეგობრებო, ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ერთი რამე არის უდავო, თქვენ ვინც 41 შემოხაზეთ, ეს არ შემოგიხაზავთ კობახიძის ან ელისო ბოლქვაძის ან რომელიმე ოცნების ახალი თუ ძველი სახის გამო. თქვენ ის შემოხაზეთ ივანიშვილის გამო. ამ პარლამენტს, რომელიც ერთპარტიულია ისედაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ამის მერე ლეგიტიმაციის პრობლემა 10-ჯერ უფრო მწვავეა". – ამბობს უგულავა. 

მისივე თქმით, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. 

"დღეს, როგორც არასდროს ისე აითესა, წავიდა, გაიქცა. სისუსტის ნიშანია ეს თუ სხვა უპასუხისმგებლობის, ფაქტი არის ერთი - ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით რიგგარეშე არჩევნებს". – ამბობს უგულავა. 

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ვრცლად - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები