ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: Fake news-ის პრობლემამ საქართველოში წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია

"მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია". - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს, რომელიც მან ცოტახნის წინ გაავრცელა და სადაც ირწმუნება, რომ ქართული პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

"აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია, ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ". – წერს ივანიშვილი. 

გასული წლის  5 მაისს Facebook-მა განაცხადა, რომ გააუქმა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში. ამასთან, წაშალა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის განცხადებით, ეSპერსონა-ს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან. მაშინ  Facebook-მა ასობით ანგარიში გააუქმა და განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით, ეს გვერდები სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

თავის დროზე, ქართული ოცნების წარმომადგენლები 2019 წელს გაუქმებულ ქსელთან კავშირსაც უარყოფდნენ, მიუხედავად იმისა, რომ Facebook პირდაპირ მიუთითებდა მათ კავშირზე ხელისუფლებასთან. 

5 მაისს სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან სულ ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

კომენტარები