კვირას, 10 იანვარს, ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. არჩევნების პარალელურად, ქვეყნის მმართველობის სისტემის ტიპის განსაზღვრისთვის რეფერენდუმი ტარდება.
არჩევნებში 18 პრეზიდენტობის კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის სადირ ჯაფაროვი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
ჯაფაროვი ყირგიზეთში პოლიტიკური სისტემის შეცვლასა და საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებას ემხრობა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილებას გააფართოებს. ჯაფაროვის თანახმად, 30 წლის განმავლობაში ყირგიზეთს უპასუხისმგებლო ელიტა მართავდა, რომელმაც განადგურებამდე მიიყვანა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პოტენციალი. ჯაფაროვის აზრით, ძლიერი ლიდერი მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა.
არჩევნების პარალელურად მიმდინარე რეფერენდუმში ყირგიზეთის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ამჟამინდელ საპარლამენტო მმართველობის ტიპს ემხრობიან, თუ საპრეზიდენტო მმართველობის ტიპზე გადასვლა სურთ.
ოპოზიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ხელისუფლების ტიპის შეცვლით ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში მოხვდება.
ოპოზიციის მიზანი არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაა. თუ პირველ ტურში სადირ ჯაფაროვი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, მეორე ტურში ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ იმ ოპოზიციონერ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. ოპოზიცია აქტიურად აკრიტიკებს ჯაფაროვს და კრიმინალურ კლანებთან მის შესაძლო კავშირებზე საუბრობენ.
ჯაფაროვი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული აქციების ფონზე ციხიდან გაათავისუფლეს. ის სასჯელს გატაცებაში მონაწილეობისათვის იხდიდა. მის წინააღმდეგ არსებობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებაც, რასაც ჯაფაროვი უარყოფს. ის ამბობს, რომ 2017 წელს პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს.
2020 წლის 4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.
აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. ქვეყნის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჟეენბეკოვმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე სადირ ჯაფაროვი დანიშნა. მოგვიანებით კი ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ კი ჯაფაროვი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც გახდა. თანამდებობა ჯაფაროვმა ნოემბერში დატოვა, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში ეყარა კენჭი.
ვრცლად 2020 წლის 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ სტატიაში - მესამე რევოლუცია თუ კლანური დაპირისპირება? - რა ხდება ყირგიზეთში